ევროკომისიამ საქართველოს ენერგოსექტორში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა.

ევროკომისიამ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულ დოკუმენტში ცალკე პუნქტად განხილულია ენერგეტიკის მიმართულება. კერძოდ, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" საქართველოს გაწევრიანებაზე. აღნიშნულ ფაქტს ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან საქართველომ დაადასტურა მისი მისწრაფება გამხდარიყო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

საქართველოს ენერგოსექტორში ელექტროენერგეტიკის, გაზის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიმართულებით ვალდებულებების შესრულებისათვის აქტიური სამზადისია. მუშავდება ენერგეტიკული ბაზრის მოდელი, ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტი, მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის შესახებ ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მომზადებული პირველი ეროვნული ენერგოეფექტურობის სამ წლიანი (2018-2020) სამოქმედო გეგმის პროექტის დამტკიცების პროცედურები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ეხება შენობებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას. სახელმწიფო მუშაობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნის მოდელებზე და შესაბამის კანონმდებლობაზე. აღნიშნულ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები ევროპელი პარტიონრები, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა - EU4Energy Governance და "ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნო ასევე, აქტიურ როლს თამაშობენ სხვა დონორი ორგანიზაციებიც.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან და გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. ანგარიშით დასტურდება, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა "ასოცირების ხელშეკრულებით" ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, წარმატებულია. უკვე შემუშავებულია ელექტროენერგეტიკისა და გაზის კანონის პროექტი და მიმდინარეობს მისი განხილვა სამინიტროში და სახელმწიფო კომპანიებში. შემდეგ ეტაპზე იგეგმება კანონის განხილვაში კერძო სექტორის ჩართვა და საჯარო განხილვების მოწყობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. კანონპროექტით დაგეგმილია ელექტროენერგიის ახალი ბაზრის მოდელის დანერგვა 2019 წლის იანვრიდან ტესტირების რეჟიმში ხოლო მისი სრულად დანერგვა 2020 წლამდე განხორციელდება“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია ასევე ენერგოეფექტურობის შესახებ პოლიტიკური ჩარჩოს გაძლიერების მნიშვნელობაზე. ანგარიშში მოხვდა ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლის" პროექტი, რაც ჩვენი ენერგეტიკისათვის ამ სადგურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ევროკავშირი მას განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციად მიიჩნევს. ასევე, ხაზგასმულია ქვეყნის ძალისხმევა ჰიდროპროექტების განხორციელების ხელშეწყობისა და ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობისა და ექსპორტის გაძლიერების მიზნით გადამცემი ქსელის გაძლიერების მიმართულებით.

ანგარიშში საუბარია ასევე, "სამხრეთ გაზის დერეფანზე" და მის ფარგლებში "სამხრეთ კავკასიური მილსადენის" გაფართოების სამუშაოებზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ევროკომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანა და პარტნიორია და შესწევს უნარი შეასრულოს ენერგეტიკული ხიდის ფუნქცია აღმოსავლეთით მიმწოდებელ და დასავლეთით მოხმარების ბაზრებს შორის.

ინფორმაციისთვის: 2016 წლის 14 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ოქმს "ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ". შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გავლისა და საქართველოს პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ, 2017 წლის 1 ივლისს საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.