ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ფუნქციები განსაზღვრულია “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით.”

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ფუნქციებია:

1. საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით). ამ მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ახორციელებს:

  • საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების დასამტკიცებლად წარდგენას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის.
  • საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას, გამომუშავებული, მიწოდებული, იმპორტირებული, მოხმარებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის, ასევე პირდაპირი ხელშეკრულებებით დადგენილი და მხარეთა მიერ ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით.
  • "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გაანგარიშებას.
  • ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორებას.
  • ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე (გაცვლა) უცხო ქვეყნის შესაბამის სუბიექტებთან საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. ამ მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია იმპორტირებული და/ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია გაყიდოს და/ან შეისყიდოს როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, აგრეთვე საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისათვის “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი სხვა ფორმით (პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით). 

2. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” შესაბამისად, მათ შორის და არა მხოლოდ:

  • გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისაგან გარანტირებული სიმძლავრის ყიდვაზე და გარანტირებული სიმძლავრის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის.
  • გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვა და კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.

3. საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება. მათ შორის და არა მხოლოდ:

  • აღრიცხვის წერტილების ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
  • საანაგარიშო პერიოდების მიხედვით მრიცხველების ჩვენებების ერთიანი ბაზის შექმნა;
  • ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების, ქვესადგურების, მომხმარებელთა შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებების წინასწარი შეთანხმება და მისი სათანადოდ შესრულების მიზნით მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

5. საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება.

6. ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა, კერძოდ:
საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება იმ ახლადაშენებულ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას.

საქმიანობის გამჭვირვალობისა და მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუვნელყოფის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ყველასათვის ხელმისაწდომ ადგილზე აქვეყნებს ინფორმაციას: (13.08.2010 N 46)

ა) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების შესახებ;
ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე გაყიდული და შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობებისა და საშუალო შეწონილი ფასების შესახებ;
გ) ქსელში ფაქტიური საშუალო დანაკარგების ოდენობაზე;
დ) ყოველ საანგარიშო პერიოდში შესყიდული  და გაყიდული  გარანტირებული სიმძლავრის საფასურის შესახებ.