ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვთ კვალიფიციურ საწარმოებს, აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში, ხოლო გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება - მხოლოდ კვალიფიციურ საწარმოებს.

საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეებს წარმოადგენენ:

1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო)

2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს Νº77 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" შესაბამისად რეგისტრირებული შემდეგი კვალიფიციური საწარმოები:

3. გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.

კვალიფიციური საწარმოების დახასიათება:

ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს Νº77 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით" დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, აღნიშნული პირი უნდა იყოს:

"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ რომელიმე ორგაზინაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირი - სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუზისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც წარმოადგენს:

  • წარმოების ლიცენზიატს - პირი, რომელიც ფლობს 13 მგვტ.-ზე მეტი საპროექტო სიმძლავრის ელექტროსადგურს, აწარმოებს ელექტროენერგიას და ფლობს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემულ წარმოების ლიცენზიას.

ან

  • განაწილების ლიცენზიატს - პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას (გატარებას) და ფლობს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემულ განაწილების ლიცენზიას.

ან

  • პირდაპირ მომხმარებელსპირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, ელექტროენერგიის მყიდველს უფლება აქვს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი, თუ მისი წლიური მომხარება შეადგენს არანაკლებ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას.

ან

  • იმპორტიორს - პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას(სიმძლავრეს).

ან

  • ექსპორტიორს - პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ან

  • მცირე სიმძლავრის ელექტრსადგურს - პირი, რომელიც ფლობს არაუმეტეს 13 მგვტ.-ს საპროექტო სიმძლავრის ელექტროსადგურს და აწარმოებს ელექტროენერგიას. "ელექტროენეგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონით მცირე სიმძლავრის ელექტრსადგურის საქმიანობა სრულად არის დერეგულირებული, რაც გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული წარმოების ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლებას.

ან

  • ელექტროსადგურის მფლობელ პირს, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში - პირი, რომელიც ფლობს ელექტროსადგურს და სურს მისი საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვა ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. აღნიშნული საქმიანობა არ ექვემდებარება ლიცენზირებას. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროსადგურის მფლობელი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში ეს პირი არის კვალიფიციური საწარმო ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში რეგისტრაციის თარიღიდან აღნიშნული პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად - კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.
  • ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვთ გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.

პირი (გარდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა), რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით" საბითუმო ვაჭრობაში მონაწილისთვის დადგენილ მოთხოვნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში, რეგისტრაციისთვის მიმართავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს.

 პირი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ უნდა დარეგისტრირდეს თითოეული საქმიანობის მიხედვით ცალ-ცალკე.