ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო 2006 წლიდან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის, ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგებისა და ქართული ენერგეტიკის აქტიური განვითარების სამსახურშია. ესკომ ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე. აღნიშნული კანონისა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" შესაბამისად, ესკო ექსკლუზიურად ანხორციელებს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, სეზონური საჭიროების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს, საბითუმო აღრიცხვის კვანძების ინსპექტირებას; გვევლინება ახლადაშენებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შემსყიდველად. მარტივი და ოპერატიულია ესკოს მიერ საბითუმო ვაჭრობაში დასაშვებად კვალიფიციურ საწარმოთა რეგისტრაციის პროცედურა. 2006 წლიდან ესკოს მეშვეობით რეალიზებულია 17.094 მილიარდი კვტ.სთ საბალანსო ელექტროენერგია. ექსპორტირებულია 2.789 მილიარდი და იმპორტირებულია 5.797 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია. ესკოს მეშვეობით გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს მიღებული აქვთ 680.80 მლნ-ლარი. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის საშუალო წლიური ბრუნვა 500 მლნ. ლარს აღემატება. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით კომპანიას გადახდილი აქვს 107.7 მლნ. ლარი, ხოლო დივიდენდების სახით - 10 მლნ-ლარი. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ აქციათა 100% პროცენტი სს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაა, რომელიც მთლიანად მართვის უფლებით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

ესკო თანამშრომლობს ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტების გლობალურ დონეზე დამაკავშირებელ ორგანიზაციებთან. 2014 წლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი გაწევრიანებულია ენერგეტიკული ბირჟების ასოციაცია APEx - ში (Association of Power Exchange), რომელიც 40-ზე მეტი წამყვანი ქვეყნის ენერგეტიკულ კომპანიებს აერთიანებს http://www.theapex.org. 2015 წლიდან კი ესკო ევროპული ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის - ევროპექსის წევრია დამკვირვებლის სტატუსით. http://www.europex.org ევროპექსის წევრი სულ 24 ელექტროენერგეტიკული კომპანიაა. მათ შორის ესკო პირველი წარმომადგენელია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან.