იმპორტ-ექსპორტი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 1997 წლის 27 ივნისის №816-IIს საქართველოს კანონის და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მიხედვით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ერთ-ერთი ფუნქციაა საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა, მათ შორის იმპორტსა და ექსპორტზე მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით.
ზემოაღნიშნული იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებების გარდა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ავარიულ სიტუაციებში იმპორტსა და ექსპორტზე ხელშეკრულებების გაფორმების უფლება გააჩნია მხოლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს.
ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ენერგოსისტემის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას შემოსულ და გასულ ელექტროენერგიებს შორის სხვაობა (ტრანზიტის გადახრები) წარმოადგენს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს. ტრანზიტის განხორციელებისას აღნიშნული გადახრების (იმპორტი ან ექსპორტი) დარეგულირების მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმებით, ტრანზიტის გადახრებზე ფორმდება ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებები ან ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებები.
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მეზობელი ქვეყნების შესაბამის სუბიექტებთან გაფორმებული აქვს იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებები, მათ შორის ხელშეკრულებები ავარიულ სიტუაციებში ურთიერთდახმარების შესახებ, აგრეთვე, გაფორმებულია ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას წარმოქმნილი გადახრების ნასყიდობის ხელშეკრულებები ყველა შესაბამის „ტრანზიტის დამკვეთთან“.