ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება, სხვა

პირობებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობას ან რაოდენობის განსაზღვრის წესს (დასაშვები ცდომილება არაუმეტეს +/- 30%-ისა);
  • მისაწოდებელი ელექტროენერგიის თვიურ და დღიურ საორიენტაციო რაოდენობას;
  • მისაწოდებელი ელექტროენერგიის ერთეულის ფასს;
  • ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების ზუსტ დროს, ზუსტი თარიღის მითითებით;
  • ელექტროენერგიის მიწოდების პირობებს;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ხელშეკრულების ერთ – ერთი მხარე ელექტროენერგიის მწარმოებელია – იმ ელექტროსადგურის დასახელებას, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდებაც წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების საგანს;
  • პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს;
  • ხელშეკრულების მხარეების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებისთვის მინიჭებულ ნომერსა და გაფორმების თარიღს.

  „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანების მე-9 მუხლის 15 – 17 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური სახით, შემდეგი წესით:

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარედგინება პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სახელშეკრულებო განაცხადის სამ-სამი ორიგინალი და პირდაპირი ხელშეკრულების თითო-თითო ასლი. პირდაპირ ხელშეკრულებასა და სახელშეკრულებო განაცხადში ასახულ პირობებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სახელშეკრულებო განაცხადში მითითებულ პირობებს. სახელშეკრულებო განაცხადი წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

თუ მხარეებს შორის გაფორმებულია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სარეგისტრაციოდ წარედგინება ორმხრივად ხელმოწერილი სახელშეკრულებო განაცხადისა და ხელშეკრულების სამ-სამი ორიგინალი.

  • პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ ერთდროულად წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (გარდა ამ ბაზრის წესების მე-91 და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა) ელექტროენერგიის შესყიდვის/გაყიდვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე (წარდგენის დღის ჩაუთვლელად);
  • დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის პირობები უნდა იყოს იდენტური;
  • დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი და რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების ან/და სახელშეკრულებო განაცხადის პირობებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი თვის საანგარიშსწორებო ბაზაში გათვალისწინებული იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრირებული ვერსიით გათვალისწინებული პირობები;
  • რეგისტრაციისათვის აუცილებელია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე წერილის წარმოდგენა;
  • ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ან/და ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე და იმავე საანგარიშო პერიოდში პირდაპირ მომხმარებლებზე ან/და ექსპორტიორებზე ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები სავალდებულოა, ერთდროულად იქნეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი;
  • პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების შესაბამისად რეგისტრაციის შემდეგ. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში ვერ შევა, მხოლოდ რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი პირის მიერ დარეგისტრირების შემთხვევაში.