ესკოს გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის სექტორში ბიზნესკავშირების დამყარების ხელშემწყობ კონფერენციაში

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, ესკოს წარმომადგენლობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის სექტორში ბიზნესკავშირების დამყარების ხელშემწყობ კონფერენციაში, რომელიც  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორის საჯარო,კერძო, დონორი და ინვესტორი კომპანიების, ასევე საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარდგნენ USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში რობერტ ტეილორი.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე,   რომელმაც ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ გეგმებსა და პროექტებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტზე - შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელზე, რომლის მიზანია კავკასიასა და ევროპას შორის რეგიონული კავშირისა და ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სფეროში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სიმძლავრის აუქციონზე, რომელიც უკვე გაიმართა და ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის სქემა - ე.წ. „სხვაობის კონტრაქტი“ (CFD), კარგი არგუმენტია ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებისა და თანამშრომლობისთვის და დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოსაზიდად. (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო)  მიერ 2023 წელს მომზადდა წინადადებათა პაკეტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ, სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან CFD (ფასთა შორის სხვაობის ანაზღაურება) მექანიზმით ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილებების შესახებ. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან აუქციონში გამარჯვებული კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.)

USAID-ის საქართველოსთან პარტნიორობის მიზანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზებისა და მოსახლეობის საიმედო ენერგომომარაგების, განახლებადი ენერგიის კუთხით ინვესტირების ხელშეწყობა, რათა საქართველომ შეამციროს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება, შეძლოს  გენერაციის გაზრდა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დაუახლოვდეს ევროპას და წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გლობალურ ძალისხმევაში.