2010 წლის 12 ივლისს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მგდრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას ემსახურება გარანტირებული სიმძლავრე.

გარანტირებული სიმძლავრის წყაროს, თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის გარანტირებული სიმძლავრის მინიმალურ ოდენობასა და შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოადგენს ელექტროსადგური ან ელექტროსადგურები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს.

საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 ივლისს გამოსცა №193 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალურ გარანტირებული სიმძლავრეების ოდენობასა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდებს.

"ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" მიხედვით, გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მეშვეობით.

გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვაზე გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის და ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გარანტირებული სიმძლავრის ყიდვაზე გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის. სტანდარტულ პირობებთან მიერთება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმო – განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური, გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი საწარმოს ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად.