ესკოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა დვალიშვილმა მონაწილეობა მიიღო სემეკის მიერ გამართულ შეხვედრაში.
2020-09-15
ესკოს ხელმძღვანელი ზაზა დვალიშვილი 14 სექტემბერს, სემეკის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა. ზაზა დვალიშვილმა ისაუბრა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, როგორც რეფორმის პროცესის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბირთვის დანიშნულებაზე, ესკოს როლისა და ფუნქციების შესახებ, მიმდინარე რეფორმისა და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს მადლობის სიგელები გადასცა.
დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკმა წესები შეიმუშავა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ევროპის მესამე ენერგო პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით.
სემეკის მიერ შემუშავებული წესების მიზანია ხელი შეეწყოს როგორც ბაზრების მონაწილეების საქმიანობას, ასევე მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. საბითუმო ბაზრის წესებით უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პირობების რეგულირება. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. საცალო ბაზრის წესები დაარეგულირებს ურთიერთობებს საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს შორის. ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით, წესები უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით ელექტროენერგიის საცალო ბაზრის სრულად გახსნას.
პრეზენტაციები წარადგინეს ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა.