ესკო: ზამთარში ენერგოდეფიციტის საშიშროება არ გვემუქრება.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიით ქვეყნის მომარაგების შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ესაუბრა.

საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და შესაბამისად, მისი მოხმარება ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. მოახლებული ზამთრის პერიოდის მიუხედავად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან“  განმარტავს, რომ ქვეყანას ენერგოდეფიციტის საშიშროება ზამთრის პერიოდში არ დაემუქრება.

ზაზა დვალიშვილის თქმით, საქართველო დიდი მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტს განახორციელებს მეზობელი ქვეყნებიდან.

"ამ ეტაპზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ხორციელდება, თუმცა სეზონების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის ელექტროენერგიას  ვყიდულობთ ამ ქვეყნებიდან. წლიურ ჭრილში რომ განვიხილოთ, იმპორტის დაახლოებით 60%  აზერბაიჯანზე მოდის, 40% კი - რუსეთზე. ზამთრის პერიოდში,  ქვეყანაში  ელექტროენერგიაზე  მოთხოვნა  მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ  ქვეყანა ენერგოდეფიციტის საშიშროების წინაშე არ აღმოჩნდება და ეს რისკები ფაქტობრივად,  ნულამდეა  დასული. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ ნოემბერში თურქედიდანაც შევისყიდოთ  ელექტროენერგია. იმპორტის საორიენტაციო მოცულობა 120.35 მლნ  კვტ.სთ-ია. 
თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე ინტერესთა გამოხატვა ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ფასი მისაღები აღმოჩნდება, ელექტროენერგიის  მესამე იმპორტიორი ქვეყანაც გვეყოლება, თურქეთის  სახით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციის პროცესს და შესაბამისად,  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას,“ - განაცხადა ზაზა დვალიშვილმა.

ენერგოოსაფრთხოების  მნიშვნელობაზე საუბრობენ  ექსპერტებიც და   ენერგოსექტორში  არსებულ ვითარებას აფასებენ.   მათი თქმით, ენერგორესურსების მოხმარების დინამიკის დაბალანსებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია მთელი რიგი ზომების გატარება, როგორიცაა:  შიდა ენერგეტიკული რესურსების სწრაფი და ოპტიმალური ათვისება, კონკურენტული ბაზრისა და საინვესტიციო გარემოს შექმნა, იმპორტირებული ენერგოშემცველების დივერსიფიცირება და განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალურად ათვისება. ექსპერტების შეფასებით,   საქართველოს არ აქვს შესაძლებლობა,  საკუთარი ჰიდრო-რესურსებით ელექტროენერგიაზე ქვეყანაში არსებული მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, თუმცა მათივე თქმით,  ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ იმპორტის წილი მნიშვნელოვნად შეამციროს და თავადაც გაყიდოს ელექტროენერგია.