ელექტროენერგიკული ბაზრის რეფორმის პერიოდში ესკო 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა  ზაზა დვალიშვილმა წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა.

2019 წელს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) საოპერაციო მოგებით ასრულებს. კომპანიის გენერალური დირექტორის ზაზა დვალიშვილის განცხადებით, ის გარემოება, რომ ესკო წელს მოგებით ასრულებს, სამომავლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული განცხადება ზაზა დვალიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას გააკეთა, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.

პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ 2019 წელი ელექტროენერგეტიკულ სექტორში ძირეული რეფორმების დაწყების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ესკოს გენერალური დირექტორის განცხადებით, დადებითი შედეგი სახეზეა, რადგან ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებულ საწარმოთა შორის კონკურენცია გაიზარდა.

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის 1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდოს. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოებების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. რეფორმის შედეგად, 2019 წელს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ 11 მიმწოდებელი და 10 პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

ზაზა დვალიშვილის განცხადებით, რეფორმა 2020 წელსაც გაგრძელდება: „შეიქმნა ახალი სტრუქტურა - „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“. რეფორმა უნდა განხორციელდეს მასთან ერთობლივად, ახალი სტრატეგიის მოთხოვნების შესაბამისად, ვაჭრობის სქემის დანერგვისათვის.“ - განაცხადა ესკოს გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ელექტროენერგეტიკული ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა  და მომხმარებლებისთვის. ესკო-ს როლი   მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც -  რეფორმის პერიოდში არსებული გამოწვევების პირობებში და იგი კვლავ გააგრძელებს საქმიანობას სექტორის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, შემაჯამებელ სიტყვაში, დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ესკო რეფორმის პერიოდში მიმდინარე საოპერაციო წელს მოგებით ასრულებს. "ჩვენ დავიწყეთ ელექტროენერგეტიკული ბაზრის უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება, რომელმაც ქვეყანაში ელექტროენერგეტიკის თანამედროვე დასავლური საბაზრო პრინციპები უნდა დანერგოს. ამით ჩვენ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინების მიმართულებით. ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმულია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიები რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ფინანსურად მყარი და  მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული იყვნენ. ასევე, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციასთან ერთად ესკო-ს მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული  ადგილი უნდა დაეთმოს  ენერგოეფექტიანობას და გარემოს დაცვით საკითხებს და მათ წახალისებას." - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.