ესკოს გენერალურმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო, საქართველოსა და სომხეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემათა თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით გამართულ შეხვედრაში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოსა და სომხეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის თანამშრომლობისა და ახალი პერსპექტივების გამოკვეთის მიზნით  გამართულ შეხვედრაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილე საქართველოში - დევიდ ჰოფმანი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის  ოპერატორის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“, „სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“, „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრის“ და „ერევნის თბოელექტროსადგურის“ ხელმძღვანელი პირები.

რომეო მიქაუტაძემ სომხეთის დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო და ხაზი გაუსვა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რეგიონში ენერგეტიკული მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. 

შეხვედრაზე  ხელი მოეწერა შეთანხმებას, საქართველოსა და სომხეთს შორის ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.  განიხილეს სახელშეკრულებო პროექტები,  საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის

საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკულ სისტემათა სატრანზიტო შესაძლებლობებს.

ყურადღება გამახვილდა ასევე,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას.