მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმში “GEEF-2025”

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ყაზარაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა-ფორუმის - „GEEF-2025“ ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „სტრატეგიიდან ქმედებამდე – მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში“.

სესიაზე თორნიკე ყაზარაშვილმა ისაუბრა ესკოს როლზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების პროცესში, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოსა და ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან მონაწილეზე. გენერალურმა დირექტორმა მიმოიხილა საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობები, იმპორტისა და მოხმარების დინამიკა, ფასთა ტენდენციები, ასევე განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის ეტაპები საბალანსო ბაზარზე.

ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპიკერები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან. ღონისძიების მიზანია ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგულაციების, ინვესტიციებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება და დისკუსიის გაღრმავება.