ესკოს თანამშრომელი  ვაჟა ჭოჭუა „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის“ წოდებით და საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ვაჟა ჭოჭუა „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის“ წოდებით დაჯილდოვდა და გადაეცა საპატიო სიგელი. ესკო სიხარულით ულოცავს ბ-ნ ვაჟას შრომისა და პროფესიონალიზმის დაფასებას და საპატიო ჯილდოს.
პროფესიული დღე ქართველ ენერგეტიკოსებს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიულოცა: „მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე ყველას, იმ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართულ ენერგეტიკას. დარგის განვითარება არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთად ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ 39 თანამშრომელს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან არჩეულ პროფესიას, „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება მიენიჭა და ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის საპატიო სიგელი გადაეცა.