ესკოს გენერალურ დირექტორსა და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენსტს შორის ელექტროენერგიის ყიდვა - გაყიდვისა და ტრანზიტის გადახრების შეთანხმება გაფორმდა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი , საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში იმყოფებოდა.
ესკოს გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა, ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის გადახრების შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა, აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ენერგეტიკულ სექტორში მთავრობათაშორისი ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმებების პაკეტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ორი ქვეყანა 20 წლიან პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
მარიამ ქვრივიშვილთან, მინისტრის მოადგილესთან, თამარ იოსელიანთან და ესკოს გენერალურ დირექტორთან, თორნიკე ყაზარაშვილთან ერთად ბაქოში იმყოფებოდნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელები.




