ESCO-მ EUROPEX-ის გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
ევროპული ენერგეტიკული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა - ესკომ, რომელიც ევროპის ენერგეტიკული ბირჟებისა და ბაზრის ოპერატორების ასოციაციის (EUROPEX) ასოცირებული წევრია, ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სლოვენიაში, ქალაქ ბლედში გაიმართა.
გენერალური ასამბლეა EUROPEX-ის უმაღლესი მმართველი ფორმატია, რომელიც წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ევროპული ენერგეტიკული ბაზრების განვითარებისა და რეგულირების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის ენერგეტიკულ პრიორიტეტებს - კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების ჩარჩოს (Energy Security Framework) განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას.
ესკოს მონაწილეობა EUROPEX-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრებში ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რეგიონში ევროპული ენერგეტიკული ბაზრების ოპერირების სისტემებთან დაახლოებასა და სტანდარტების დანერგვას.
EUROPEX-ის გენერალურ ასამბლეაზე ესკოს დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას ევროპის ელექტროენერგეტიკული ბაზრების ოპერატორებისა და ენერგეტიკული ბირჟების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.