ესკოს გენერალური დირეტორის სამუშაო ვიზიტი თურქეთში
მიმდინარე წლის 19-20 ნოემბერს, „ესკო“-ს გენერალური დირექტორი ბ-ნ ვახტანგ ამბოკაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქ-ნ ნათია თურნავა, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთში, ქ. სტამბულში. სამუშაო შეხვედრები გაიმართა თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან (EPIAS), სადაც მხარეებმა განიხილეს თურქეთში არსებული ელექტროენერგიით ვაჭრობის სქემები, როგორც დღიურ, ასევე, საათობრივ ჭრილში და ორგანიზებული ბაზრების ოპერირების მხრივ არსებული პრაქტიკა.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის თურქეთი ერთადერთია, რომელსაც გააჩნია ორგანიზებული/კონკურენტული ბაზარი ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის მეშვეობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეებმა, ასევე, განიხილეს თურქეთთან, როგორც პოტენციურ მოკავშირესთან, ბაზრის ლიბერალიზაციისა და ევროპულ ბაზრებთან ინტეგრირების მხრივ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.