ესკოს გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, ქალაქებში შანხაისა და შენჟენში იმყოფებოდა.
ვიზიტი განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე ერთ - ერთი უმსხვილესი ტექნიკური კომპანიის,”Huawei Technologies Co.,Ltd"-ს ორგანიზებით. ჩინური გლობალური კომპანიის საქმიანობა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვას, ოპერაციულ და საკონსულტაციო მომსახურებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და საკომუნიკაციო მექანიზმების წარმოებას უკავშირდება. ვიზიტის მიზანს ქართული მხარისთვის Huawei Technologies Co.,Ltd-ს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით შემუშავებული ინოვაციების, სექტორის უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვის შესაძლებლობების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი, საიმედო მექანიზმების, განახლებადი ენერგიების წარმოებული ელექტროენერგიის შემნახველი უახლესი ტექნოლოგიების წარდგენა და შესაბამისი კონსულტაციები წარმოადგენდა. ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულმა შეხვედრებმა, ინოვაციების გაცნობამ, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორსა და გლობალურ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები გამოკვეთა. ესკოს გენერალურ დირექტორთან ერთად, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელები და მენეჯმენტის წარმომადგენლები.