ესკოს მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 სერტიფიკატი

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გატარებული წარმატებული ღონისძიებებისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად, მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის — ISO 27001 სერტიფიკატი.

თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ESCO შეტანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემების მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალში, რაც ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების და ხარისხის მართვის მოქნილი სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ორგანიზაციის მზაობას კიბერშეტევების პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირებისათვის.

ISO 27001 სერტიფიცირების პროცესის მომზადებისა და განხორციელების ფარგლებში, ესკომ ითანამშრომლა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ მისიასთან, რომლის მიზანია ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით და კომპანიების დახმარება ინფორმაციული სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

ISO 27001 წარმოადგენს საერთაშორისო უნივერსალურ და გლობალურად აღიარებულ სტანდარტს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) სფეროში და მოიცავს მონაცემთა დაცვისა და რისკების მართვის უმაღლეს მოთხოვნებს. ამ სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ ესკო სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების სტანდარტებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ეფექტიანად გაუმკლავდეს უსაფრთხოების  გამოწვევებს.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ცენტრალურ რგოლს და უზრუნველყოფს საბითუმო ელექტროენერგიის ბაზრის გამჭვირვალე და უსაფრთხო ოპერირებას.