ესკო სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობს

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო , რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ესკოში სტაჟირებას გაივლიან.

პროგრამის მიზანია, ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაიარონ   ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, შემდგომი დასაქმების უფლებით.  

შესაბამის  მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების რექტორებმა. 

„ჩვენ დღეს ვუყრით საფუძველს, რათა გაიზარდოს თაობა, რომელიც ენერგეტიკაში ღირსეულად დასაქმდება,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებული იქნება და მასში ბევრი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას, რაც შესაძლებელს გახდის, უკვე სწავლის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, ხოლო უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ ენერგეტიკის დარგში დასაქმდნენ როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე პროფესიონალები. 

პროგრამაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.