ესკოს მონაწილეობა ტრეიდერთა სასწავლო პროგრამასა და დაჯილდოების ცერემონიაში
29 მარტს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ მონაწილეობა მიიღო ISET Policy Institute-ის, USAID/Georgia-სა და G4G-ის ერთობლივი სასწავლო პროგრამის დასრულებისა და ტრეიდერთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ქარტიაში საქართველოს გაწევრიანების შედეგად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმისა და ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე ახალი პროფესიის - ტრეიდერის საჭიროება გაჩნდა. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ISET Policy Institute-მა USAID/Georgia და G4G-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, განახორციელა ოთხკვირიანი ტრენინგ პროგრამა ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ. სასწავლო პროცესში მონაწილეობა მიიღეს ესკოს წარმომადგენლებმა - მარიამ მაჭავარიანმა და ნათია ლორთქიფანიძემ. პროგრამის მიზანი იყო მოსწავლეთათვის იმ უნარების გამომუშავება, რაც მათ ოპტიმალური სავაჭრო სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარება. დღეს საქართველოს 11 სერტიფიცირებული ტრეიდერი ჰყავს, რომლებსაც ელექტროენერგიით ვაჭრობა და რისკების შეფასება თანამედროვე სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით შეეძლებათ.