ენერგეტიკული გაერთიანების ტექნიკური დახმარების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სლოვენიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან (BORZEN)

მ/წლის 4-6 სექტემბერს, ენერგეტიკული გაერთიანების ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა (ესკო) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სლოვენიაში, ქ. ლუბლიანაში. შეხვედრები გაიმართა სლოვენიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან (BORZEN), რომელიც აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს კონკურენტული ბაზრის (ერთი დღით ადრე და საათობრივი ბაზრის) დანერგვასთან დაკავშირებით.

კონკურენტული ბაზრის დანერგვასთან დაკავშირებით,  გამოცდილების გაზიარების მიზნით, კომპანიის წარმომადგენლები, ასევე შეხვდნენ სლოვენიის ენერგეტიკული მარეგულირებლისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლებსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვა  მთავარ მონაწილეებს.

ენერგეტიკული გაერთიანების/EU4Energy-ის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის დიზაინთან დაკავშირებით, სლოვენიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, BORZEN-ის, მიერ მომზადებული სარეკომენდაციო დოკუმენტის პრეზენტაცია დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, სადაც წარმოდგენილი იქნება ევროპული გამოცდილებისა და საქართველოს ბაზრის სპეციფიკის/შესაძლებლობების გათვალისწინებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივები.