ესკოს მონაწილეობით ხელი მოეწერება ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს
10 ივნისს 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო რედისონში საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმომწერია ასევე ენერგეტიკის სფეროში მომუშავე უმსხვილესი ენერგოკომპანიები: სს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კომპანია შპს „ენერგოტრანსი“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე უმსხვილეს კომპანიებს, ენერგეტიკის სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. მემორანდუმი ითვალისწინებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების თანამშრომლობას და ჩართვას ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მუშაობაში.
ღონისძიების ფარგლებში, ენერგეტიკის მინისტრი შეხვდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში, ასევე დაათვალიერებს დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმს, სადაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების და მომავალში დასაქმების შეთავაზების მიზნით საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიები შეიკრიბებიან.