ესკოს გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია ეკონომიკურ ფორუმს - „ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და განახლებადი ენერგია“ დაესწრო.

ფორუმზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა .

ეკონომიკურ ფორუმზე ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის. განიხილეს ენერგეტიკული პოლიტიკა, დარგში მეტი კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები, ენერგობალანსში ადგილობრივი ელექტროენერგიის წილის მატებისა და ექსპორტის ზრდის, 2030 წლისათვის ენერგოგენერაციის გაორმაგების, განახლებადი ენერგორესურსებიდან ელექტროენერგიის წარმოების  პოტენციალი.  „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ენერგეტიკული რესურსები სრულად ავითვისოთ - ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის 10 გიგავატამდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურასა და მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან კოორდინირებულ მუშაობაზე,  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გლობალურ ენერგეტიკულ პროექტზე, რომლითაც საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკული უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.