ესკოში მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების თემაზე ტრენინგი ჩაატარეს

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის, მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.

თანამედროვე გამოწვევათა შორის აქტუალურია მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა. ესკო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეყვანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, რაც გულისხმობს ორგანიზაციის აღჭურვას კანონის დებულებების აღსრულებაზე მოქნილად მორგებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებით, ასევე თანამშრომელთა ინფორმირებასა და მზადყოფნას  კიბერშეტევების საპრევენციოდ.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და გაძლიერების მისიის ჯგუფს შორის შეხვედრა გასული წლის ბოლოსაც გაიმართა, ესკოს საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 სერტიფიცირებისათვის მოსამზადებელი კონსულტაციის ფორმატში.

მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის მთავარი მიზანია განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით (ESPIRE პროგრამა), შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მხარდაჭერა, გადამცემი ქსელების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების მონიტორინგი და ასევე ენერგეტიკული კომპანიების დახმარება მათი ინფორმაციული მართვის სისტემების საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მხრივ.