ესკოს გენერალურ დირექტორად დავით თვალაბეიშვილი დაინიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი საწარმოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა.
დავით თვალაბეიშვილს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. ნათია თურნავას განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა „ესკო“. მისი თქმით, კომპანიამ უნდა შეასრულოს დამაბალანსებელი როლი ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარს და იმ მომხმარებელს შორის, როგორიცაა მოსახლეობა, მცირე ბიზნესი, რომლებსაც ელექტროენერგიის რეგულირებადი ტარიფით მიეწოდებათ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციაა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება „ესკოს“ ხელმძღვანელად დაგვენიშნა განსაკუთრებით გამოცდილი კადრი, მინისტრის ყოფილი მოადგილე და ენერგეტიკის სექტორის კურატორი დავით თვალაბეიშვილი. ის ეფექტურად ახორციელებდა ენერგეტიკის კოორდინაციას და ყველაზე მეტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დადგება სექტორი მომავალში. „ესკოს“ გაძლიერებული გუნდი შეასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ითვალისწინებს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი რეფორმირება და ევროპული ტიპის ენერგეტიკული ბაზრისადმი მისი დაახლოება,“ - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა „ესკოს“ ყოფილ ხელმძღვანელს ზაზა დვალიშვილს, რომელიც რჩება სისტემაში და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.