ESCO-სა და GREDA-ს შორის USAID-ის მხარდაჭერით მემორანდუმი გაფორმდა
USAID-ის მმართველობა განვითარებისთვის (G4G) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 19 ივლისს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ESCO) და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციამ (GREDA) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, ენერგეტიკის სექტორში „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიების გამოყენებისა და, ამ მიზნით, აღნიშნული ტექნოლოგიების პოტენციალის შესწავლის შესახებ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მიზნად ისახავენ, საქართველოში ახალი („ბლოკჩეინ“) ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით, ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისა და გლობალურ სისტემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
შეთანხმების ფარგლებში, მხარეები, ასევე, უზრუნველყოფენ ენერგეტიკის სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პოტენციალისა და მასზე დაფუძნებული გადაწყვეტების კვლევას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, რეგიონის მასშტაბით, და, ამ მიზნით, თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ბლოკჩეინ-გადაწყვეტების განვითარებასა და პილოტირებას.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, დაგეგმილია სექტორის მონაწილეებთან ერთად, „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიების გამოყენებით, საპილოტე პროექტების გაშვება, ასევე, ენერგეტიკის სექტორის მონაწილეების ცნობიერების ამაღლება.