საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ელექტროენერგიას ერთჯერადად მიაწვდის
“ენგურჰესის” გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთს დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად მიეწოდება 45 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს.
რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით: „მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, საქართველოს მთავრობა ზამთრის სეზონზე პერიოდულად მიმართავდა მსგავსი მექანიზმის გამოყენებას აფხაზეთში მოხმარების დეფიციტის დასაბალანსებლად. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია“