ესკოს გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი კომპონენტის წარდგენაში.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიწვევით, მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი კომპონენტის პრეზენტაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" „ბიზნეს უნივერსალის“ კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა.

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი კომპონენტის შესახებ დღეს ელექტროენერგიის გენერაციის კომპანიების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„ამ პროგრამით გააქტიურდება მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, მეორე მხრივ კი იქმნება დამატებითი დოვლათი, სამუშაო ადგილები და შემოსავლები ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, ამ პროექტის ფარგლებში სააგენტოში ერთი პროექტი უკვე დაინიცირდა. მინისტრის პირველი მოადგილის პროგნოზით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ათეული პროექტი იქნება განხორციელებული.

„ბიზნეს უნივერსალის“ ახალი კომპონენტი განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებოა  ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის, რომლის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა.