ესკომ მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ ჯგუფთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა
დღეს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და გაძლიერების მისიის ჯგუფს შორის, ესკოს საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 სერტიფიცირებისათვის მოსამზადებელი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის მთავარი მიზანია განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით (ESPIRE პროგრამა), შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მხარდაჭერა, ასევე, გადამცემი ქსელების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების მონიტორინგი.
ესკო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეყვანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, რაც გულისხმობს ორგანიზაციის აღჭურვას კანონის დებულებების აღსრულებაზე მოქნილად მორგებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებით.
შეხვედრაზე ესკოს გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, მოადგილემ-ალექსანდრე პაპიაშვილმა და ესკოს შესაბამისმა დეპარტამენტებმა, მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის ჯგუფთან ერთად განიხილეს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ინფორმაციული მართვის სისტემა და მისი შესაბამისობა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებთან.