ესკოს მონაწილეობა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებული ველდებულებების შესახებ სამუშაო შეხვედრაში
მ/წლის 15-16 თებერვალს ესკოს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების შესახებ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიაში, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით „რადისონ ბლუ წინანდალში“. შეხვედრაში აგრეთვე ენერგეტიკის ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა ესკოს საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წურწუმია.
შეხვედრის მიზანი იყო ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებითა და საქართველოს ახალი ენერგეტიკული კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი რეფორმების განხილვა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონპროექტის შესახებ, ასევე განიხილეს განახლებადი ელექტროენერგიისა და ენერგოეფექტურობის კანონპროექტი.
ღონისძიება გახსნეს კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ტომას შრაპელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - თამარ ხულორდავამ. სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - ნათია თურნავამ და ენერგეტიკული სექტორის წამყვანი უწყებებისა და კომპანიების უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა.