ესკომ ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ესკოს გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა, ესკოს მენეჯმენტთან ერთად, საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული კოდექსის შემუშავების სამუშაო ჯგუფთან.
ესკოს წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ფუნქციები გააცნეს. ასევე ისაუბრეს საკანონმდებლო ბაზასა და რეგულაციებზე, სატარიფო პოლიტიკის, მუშაობისა და ოპერირების, პარტნიორებთან ურთიერთობის, ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
საუბარი შეეხო ასევე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობას რეგიონის ევროპულ ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან დასაკავშირებლად და მის სარგებელს, როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო ფუნქციისა და ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ინფორმაციის გაზიარებისა და პროდუქტიული შეხვედრისათვის.
ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას წარმოადგენდნენ: ტაჯიკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილე საფარზოდა მანუჩერ ბაჰოდური, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის, პარლამენტის (მეჯლისი ოლი), ფინანსთა სამინისტროსა და ენერგეტიკული მიმართულების უწყებათა ხელმძღვანელები და ენერგეტიკული დეპარტამენტებისა და სააგენტოების უფროსები.